logo
ENG



"მეყვარები მუდამ, მშვიდობით განისვენე" - იულია ნავალნაიას გამოსამშვიდობებელი წერილი

01 მარ 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/92w9j8op23y0y3h.png

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია ქმრის დაკრძალვის შემდეგ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. 

"ლიოშა, მადლობა შენ 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი მაცინებდი, იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი.

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მაგრამ ვეცდები გაგახარო იქ, სადაც იქნები და იამაყო ჩემით. მე არ ვიცი, ამას შევძლებ თუ არა, მაგრამ შევეცდები.

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ოდესღაც. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, იმდენი შენახული სიმღერა ტელეფონში, სულელურიც და სასაცილოც, სიმართლე რომ ვთქვა, საშინელი სიმღერები, თუმცა ისინი ჩვენზეა და როგორ მინდოდა მოგესმინა. როგორ მინდოდა მენახა, როგორ უსმენ, იცინი და მერე მეხუტები.

მუდამ მეყვარები. მშვიდობით განისვენე", - წერს იულია ნავალნაია. 

ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დარკძალეს.

დაკავების რისკისა და უდაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დილიდან ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. ისინი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას ერთდროულად უხდიდნენ მადლობას და ბოდიშს.

ადგილზე მოქალაქეების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იდგა. უმეტესობამ ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ნავალნის პანაშვიდი ერთ საათს გაგრძელდა და სამართალდამცავები ეკლესიაში ხალხს რიგრიგობით უშვებდნენ.

ეკლესიაში იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები, ბორის ნადეჟდინი და ეკატერინა დუნცოვა, ასევე უცხოელი დიპლომატები. ტაძართან მივიდნენ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც.  

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა